Header image  

 

ამბები

 

ამბები


 
რაც საქართველოში მოხდა ეს კაცობრიობის შეურაცხყოფაა

 

16:06 25.08.2008

[თემურ დოლიძე]
ევროსაბჭოს კომისარი ადამიანთა უფლებათა დაცვის საკითხებში თომას ჰამერბერგი ცხინვალში იმყოფებოდა და იქ შექმნილ სიტუაციას გაეცნო. მან განაცხადა, რომ კონფლიქტის ზონაში რუსული აგრესიის პერიოდში განხორციელებული ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ მოხსენებას ამზადებს.

- ”ჩემი როლი ადამიანთა უფლებების დაცვას გულისხმობს. ის, რაც ცხინვალში ვნახე, ომის უაზრობის რეზულტატია. მე ჩავედი იქ, რომ მენახა, თუ როგორ ილახებოდა ადამიანების უფლებები და ამაზე მოხსენება გამეკეთებინა. შემდეგ კი სხვადასხვა ორგანიზაციები თავად გამოიტანენ საკუთარ დასკვნებს,”- განაცხადა მან.

ჰამერბერგის თქმით, სამხრეთ ოსეთში მომხდარის გამეორება დაუშვებელია, რადგან ეს კაცობრიობის და ადამიანთა უფლებების შეურაცხყოფაა.

ცხინვალსა და მიმდებარე სოფლებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა ყველა მხარის პოლიტიკური სპექტრისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევით დაუყონებლივ უნდა მოხერხდეს. აცხადებს ჰამარბერგი, რომელიც თბილისში, ყოფილ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის შენობაში შესახლებულ დევნილებს შეხვდა.

მისი განცხადებით, უპირველესი ამოცანაა, დაუყონებლივ მოხდეს ტყვეთა გაცვლა, უნდა მოხერხდეს იმ ტყვეების გათავისუფლებაც, რომლებიც ცხინვალში იმყოფებიან.

ევროსაბჭოს კომისირის ინფორმაციით, თუ დევნილი მოსახლეობის თავიანთ სოფლებში დაბრუნება მოხდება, მათ უნდა ჰქონდეთ უსაფრთხოებისა და ყველა სახის დახმარების გარანტია.

- ”ეს კი, სერიოზული მსჯელობის საგანი უნდა იყოს ყველა მხარის პოლიტიკური სპექტრისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის”,-აღნიშნა მან.

ტომას ჰამარბერგს დევნილებმა უთხრეს, რომ ჯერ კიდევ აქვთ სატელეფონო კავშირი სოფლებში ჩარჩენილ მშვიდობიან მოსახლეობასთან. მათი ინფორმაციით, ყველაფერს რუსი, ოსი და კაზაკი სეპარატისტები აკონტროლებენ. სახლების ძარცვის გარდა, მშვიდობიან მოსახლეობას აიძულებენ, დაბომბვის დროს დაღუპულ მებრძოლებსა და მოსალხეობას ტანთ გახადონ, შემდეგ კი საერთო სამარხში დამარხონ.

სეპარატისტების ტყვეობაში მყოფი მოსახლეობა შიშობს, რომ გახრწნილი გვამებთან შეხებამ, შესაძლოა, ეპიდემია გამოიწვიოს.

დიდი ლიახვის ხეობის დევნილი მოსახლეობის ინფორმაიცით, სოფლებში ზოგიერთი მათგანის სახლი დანგრევას ან გადაწვას გადაურჩა, თუმცა დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან მათი კარ-მიდამო დანაღმულია.

თბილისში მყოფ დევნილებს შორის ოსი ეროვნების მოსახლეობაც არის. სახლებში ვერც ისინი ბრუნდებიან, რადგან მათ სეპარატისტები თბილისში ყოფნის გამო მოკვლით ემუქრებიან.

ამასთან დევნილები სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ოფისშიც მიიყვანეს. ისინი ოფისში საქართველოს პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს.

პროკურატურისა და პოლიციის თანამშრომლებმა ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ დევნილები არ გადაეღოთ, რადგან შესაძლოა მათ ახლობლებს სეპარატისტების მხრიდან პრობლემები შეექმნათ.

დევნილები ჰამერბერგს ინფორმაციას გადასცემენ და ტყვეთა გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვენ.

შეხვედრას ესწრებიან სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე.

--0--